საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება.
როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საუბარია გამარტივებაზე, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიული ტვირთის მოხსნსა ეხება და რეგულაციების ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არ არის.
„ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, რომ ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ. ცვლილებების მიზანი ნამდვილად არაა, რომ რაღაც მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და დაკრედიტება საგრძნობლად გაიზარდოს. 2019 წელს ჯამურად, ამ რეგულაციების ეფექტის მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა, მათ შორის რითეილის და განსაკუთრებით იპოთეკური სესხების მიმართულებით. ამიტომ, რაღაც ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არაა.
გეგმა კვლავ არის, რომ მარტში მოხდეს ამის დაანონსება. გარკვეული დრო ალბათ ბანკებსაც დასჭირდებათ, რომ ახალ წესებზე გადაეწყონ. კონკრეტულ თარიღზე ბანკებთან ერთად ჩამოვყალიბდებით, თუმცა ძალიან ახლოს ვართ, თითქმის ბოლოში ვართ გასული“, - აცხადებს ლეჟავა.
შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც სესხის გამცემი ვალდებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს. ამასთან, დაწესდა სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრები შემოსავლებთან მიმართებაში.