თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, აყვანილია მზია ტატიაშვილი. როგორც გამოძიებით დადგინდა, მზია ტატიაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც, ბრალდებული სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა.

"აღნიშნულ თანხას მზია ტატიაშვილი მოტყუებით, თაღლითურად თავად დაეუფლა", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.