დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება.
სამუშაოების ფარგლებში, როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარზე ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური იხსნება.
ასფალტის დემონტაჟის შემდგომ გათვალისწინებულია საფუძვლის მოწყობა და 4 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყოფა.
მეტრეველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო.