დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.
„შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩამოვიდა იტალიის რეისით, რომელიც ქუთაისში განხორციელდა.
გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გვიან ღამით გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, თუმცა თავი შევიკავე განცხადებისგან, რადგან მინდოდა დილით კიდევ გადამემოწმებინა რეაგენტებით და როდესაც დავრწმუნდით, რომ იყო დადებითი, ვაკეთებთ განცხადებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, დაავადებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში იყო 5 დღიან მოგზაურობაში.