ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

გამყრელიძის განცხადებით, ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია და სამხრეთ კორეა.

„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მოგზაურობას განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ადგილებში. ესენი გახლავთ: ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია და სამხრეთ კორეა, თუმცა ისეთი სისწრაფით იმატებს შემთხვევათა რიცხვი ევროპის ქვეყნებში, რომ შეიძლება მომავალ დღეებში დაემატოს სხვა ევროპული ქვეყნებიც. სრული აკრძალვა არაა რეკომენდირებული, მაგრამ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოერიდეთ. სჯობს, შემოვიფარგლოთ ვირტუალური კომუნიკაციით. მოგეხსენებათ გუშინ გაჟღერდა, რომ ევროპარლამენტი გადადის ვირტუალურ სხდომებზე. ჩემს თანამშრომლებს ყველას ვურჩიე, რომ შემოვიფარგლოთ ვიდეო კონფერენციებით. ეს რეკომენდირებულია ყველა ქვეყანაში. ამას იყენებეს ჩინეთი, იტალია. ჩვენ იმ მოცულობის და იმ ინტენსივობის ეპიდაფეთქება არ გვაქვს, მაგრამ რომ ავიცილოთ თავიდან, რჩევაა დისტანციური კონსულტაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.