„თხევადი აირის (LPG) ბაზარი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ნაკლებად განვითარებული, რომელიც საქართველოში გაზიფიცირების პროცესის მზარდი მასშტაბებიდან გამომდინარე ყოველწლიურად მცირდებოდა",- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, თხევადი აირის (LPG) მოხმარება ძირითადად ხდებოდა საყოფაცხოვრებო მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა, ბოლო 2-3 წელია აქტიურად დაიწყო ამ პროდუქტის გამოყენება, როგორც საავტომობილო საწვავი.
"დღეისათვის 12 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება არის თხევადი აირის (LPG) მომხმარებელი, ფუნქციონირებს 200-ზე მეტი გასამართი პუნქტი, რომელიც ახდენს ავტომობილების გამართვას თხევადი აირით. შესაბამისად, გაზრდილია თხევადი აირის იმპორტი და მოხმარება საქართველოში. მაგალითისათვის, ბოლო 4 წლის განმავლობაში თხევადი აირის (LPG)იმპორტი გაზრდილია დაახლოებით, 213%-ით.
დღეისათვის აღნიშნული პროდუქტის მოხმარება ძირითადად ხდება როგორც საავტომობილო საწვავი. თუმცა ასევე ხდება მისი მოხმარება კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით შედარებით მცირე მოცულობით. იმის გათვალისწინებით, რომ თხევადი აირის(LPG) სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ბენზინის საწვავთან შედარებით, მისი მოხმარება მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ, აუცილებელია, რომ თხევადი აირის (LPG) ინდუსტრია ჯანსაღად ვითარდებოდეს, ბაზრის ყველა მონაწილისათვის იყოს თანაბარი პირობა და მომხმარებლის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხდება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ ბიზნესში შესვლა და საქმიანობის დაწყება ხდება უმარტივესად, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ბიუროკრატიული თუ სხვა სახის შემზღუდველი ფაქტორი არ არსერბობს, რასაც სამწუხაროდ, ბოროტად იყენებს ბევრი მეწარმე. ქვევით შევეხებით ძირითად პრობლემებს, რომლებიც არსებობს თხევადი აირის ბაზარზე. კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აღნიშნულ სექტორში ფისკალური აღრიცხვიანობის ადმინისტრირება. კერძოდ, თხევადი აირის (LPG) იმპორტის დროს პროდუქციის განბაჟებისას 1 ტონაზე აქციზის გადასახი შეადგენს 120 ლარს. თუ შემდეგ პროდუქციის მიწოდება ხდება როგორც საავტომობილო საწვავი, მეწარმე ვალდებულია დამატებით გადაიხადოს ყოველ მიწოდებულ პროდუქციაზე 180 ლარი/ტონაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მეწარმეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იხდის ამ გადასახადს, რაც ბაზარზე ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, მნიშვნელოვნად აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეებს",-ნათქვამია განცხადებაში.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სარეალიზაციო პუნქტების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს სათანადო ნებართვების გარეშე. ამასთან, მათ მიერ უხეშადაა დარღვეული ტექნიკური ხანძარსაწინააღმდეგო და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, რაც თვალსაჩინოა ყველასთვის.
"რეალიზატორების დიდი ნაწილი ატყუებს მომხმარებელს თხევადი აირის (LPG) ჩასხმის დროს ოდენობასთან დაკავშირებით, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბევრი მომხმარებელი. მომხმარებლისთვის მიწოდებული თხევადი აირის (LPG) ხარისხის საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ პროდუქტზე არ არსებობს სავალდებული ხარისხის სტანდარტი, ისე როგორც ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში.
მაგალითისათვის, ევრო კავშირში მოქმედებს EN-589 სტანდარტი. უხარისხო პროდუქტმა შესაძლოა დააბინძუროს როგორც გარემო, ასევე უარყოფითად იმოქმედოს სატრანსპორტოს საშუალების გამართულ მუშაობაზე. დღეისათვის ბევრი მომხმარებელი აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ყოველივე ზემოაღნიშნული პრობლემატური საკითხი იწვევს დარგის არასწორ განვითარებას, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და შესაბამისად, ყოველივე ამით, მნიშვნელოვნად ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი, კეთილსინდისიერი მეწარმე და მომხმარებელი",- აღნიშნულია განცხადებაში.