შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, სულ ცოტა, 15 მარტამდე აიკრძალა ყველა იმ ღონისძიების ჩატარება, რომლებშიც 1 000 და მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ეს ნიშნავს, რომ აკრძალვა ეხება ჟენევის ყოველწლიურ მოტორ შოუს, რომელიც 2 მარტს უნდა დაწყებულიყო.
ორგანიზატორებმა პოპულარული შოუს გაუქმების შესახებ, დღეს დილით გამოაცხადეს. მათ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შოუს გადატანა არ იგეგმება და რომ ბილეთების საფასური ყველა მყიდველს აუნაზღაურდება. „სამწუხაროდ, ჟენევის 2020 წლის მოტორ შოუს გაუქმება გვიწევს. ამის მიზეზი ფორს მაჟორია“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
„ფედერალური საბჭოს მთავარი პრიორიტეტი, მოსახლეობის დაცვაა. ეს არის პასუხი კორონავირუსის ეპიდემიაზე, რომლის გამოც, შვეიცარიაში ეპიდემიებთან დაკავშირებული კანონის შესაბამისად, განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი“, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჟენევის მოტორ შოუ 2 მარტს უნდა დაწყებულიყო და ორი კვირის შემდეგ, 15 მარტს დასრულებულიყო. მის გაუქმებამდეც, მონაწილე ავტოკომპანიების უმეტესობამ, ეპიდემიის გამო, შოუში მონაწილეობისთვის გამოყოფილი პერსონალის რაოდენობა შეკვეცა. ორგანიზატორებმა შოუს მონაწილე კომპანიებს თხოვნა გაუგზავნეს, რომ საგამოფენო სტენდები 7 მარტამდე დაშალონ. მათი განმარტებით, შოუ მეტისმეტად ფართომასშტაბიანია იმისათვის, რომ მისი მოგვიანებით გამართვა იყოს შესაძლებელი.
ცნობისათვის, ამჟამად შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაგრამ საგანგებო ვითარებაა მეზობელ იტალიაში, სადაც უკვე 650 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.