საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, რათა მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მათთან, თუ რა ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა პრევენციასთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან და წასვლისგან, რომლებშიც დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელების მაღალი ხარისხი. ესენი არიან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ირანი და იტალია. დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებაში მოგვიანებით მოგეწოდებათ ინფორმაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ამ ქვეყნებში, დაემორჩილონ იმ წესებს, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობა აწესებს ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.