ახალი ზელანდიის ავიახაზები თვითმფრინავებში საძილე სივრცეებს მოაწყობს

ახალი ზელანდიის ავიახაზები ხანგრძლივი ფრენების დროს თვითმფრინავებში საძილე სივრცეების - Skynest-ების მოწყობას გეგმავს, სადაც მგზავრები დასვენებასა და დაძინებას შეძლებენ.

კომპანიის განცხადებით, მათ ამ გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მის განხორციელებას სავარაუდოდ, 1 წელზე მეტი დასჭირდება.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Skynest-ები მგზავრობას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის, ფრენის ფასი არ გაიზრდება და Air New Zealand კვლავ ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დარჩება.

როგორც ცნობილია, თითოეული Skynest-ის სიგრძე 2 მეტრი, ხოლო სიგანე 58 სანტიმეტრი იქნება. თითოეული კაბინა 6 ადამიანზე იქნება გათვლილი და საწოლები 3 სხვადასხვა დონეზე განთავსდება.

კომპანია მგზავრებს საბნებით, ბალიშებითა და ზეწრებით თავად უზრუნველყოფს.

Air New Zealand-ის განცხადებით, საძილე სივრცეები იმ თვითმფრინავებში განთავსდება, რომლებიც განსაკუთრებით ხანგრძლივ და დამღლელ ავიარეისებს ასრულებენ.

მაგალითისათვის, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ავიარეისის ხანგრძლივობა 17 სთ და 40 წუთს შეადგენს.

ბექა ბერიაშვილი