დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში ამოწმებენ მოქალაქეებს კორონავირუსზე.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არსებობს დაავადების სტანდარტული განსაზღვრის წესი და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ მას ინფექციურ საავადმყოფოში ათავსებენ და შესაბამის გამოკვლევას უტარებენ.
„დაავადების სტანდარტული განსაზღვრის წესი ერთ შემთხვევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებით დადგენილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ, თუმცა ახლა შემუშავდა ახალი სტანდარტები, რომლებიც დასამტკიცებლად გაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში.
ძველი სტანდარტები, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეფუძნებოდა და რომლის მიხედვითაც, ინფექციურ საავადმყოფოში ხდებოდა ადამიანის გადაყვანა და შემოწმება, იყო შემდეგი: ადამიანს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტი, ასევე რესპირატორული ინფექციის სხვა სიმპტომები, როგორიც არის თავისა და ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში მოგზაურობის ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის ისტორია აქვს.
განახლებულ ვერსიაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად გაეგზავნა, ტემპერატურა ამოღებულია, დარჩენილია რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და მოგზაურობა მაღალი რისკის ქვეყნებში ან კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, სკრინინგის დროს წყდება, მოთავსდებიან საკარანტინო ზონაში, თუ მიეცემათ მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.