ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უწყება მზად არის, საკარანტინო ზონები გაზარდოს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის უწყება მზად არის საკარანტინო ზონების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც გაზარდოს.

როგორც ადამიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შერჩეულია კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებები, სადაც საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონები გაკეთდება, თუმცა, ადამია წინასწარ ამ დაწესებულებების დასახელებისგან თავს იკავებს. ასევე ადამია არ აკონკრეტებს, სად არის ქვეყანაში ამჟამად მოქმედი საკარანტინო ზონები და ამას იქ მოთავსებული ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ხსნის.

„ამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მე თავს შევიკავებ კონკრეტული ადგილების დასახელებისგან, მაგრამ გამოყოფილია დაახლოებით, 200 საწოლი ამ ეტაპზე კარანტისნისთვის. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ზონების რაოდენობა გაიზრდება. კარანტინი არის პირველი რიგის ამოცანა იმისთვის, რომ დავუირუსებული პირებს არ ჰქონდეთ კონტაქტი საზოგადოებასთან. მათ შორის იგეგმება, რომ რეგიონებშიც იყოს საკარანტინო ზონები, თუ ამის საჭიროება დადგება. სარეზერვო დაწესებულებები შერჩეული გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში დავამატებთ.

რაც შეეხება სავალე ჰოსპიტლებს, ამ წუთში ვერაფერს გეტყვით. სამკურნალო დაწესებულებები შერჩეული გვაქვს, რომლებიც ამ წუთისთვის ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ არსებულ სიტუაციას მოერგონ. თუმცა, გვაქვს ცუდი სცენარისთვისაც შერჩეული დაწესებულებები. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება, ეს სცენარებიც განიხილება“, - ამბობს ადამია, თუმცა არ აკონკრეტებს „ცუდ სცენარში“ რას გულისხმობს.