რა პერიოდში შეამცირა Ryanair-მა იტალიის მიმართულებით ფრენები

კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს ეხება.

თუმცა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით 8 აპრილამდე არცერთი რეისი არ იძებნება.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.