"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის თანამშრომლობის პროექტის მესამე წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გასული წლის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესის შესახებ ისაუბრა.

"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის სამწლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ.