აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში 650-მდე შენობაში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა, ხალხი ცხოვრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2011-2018 წლებში თბილისის მერიამ დაახლოებით 50 მილიონი ლარი ვერ მიიღო, რადგან მერია შესაბამის ღონისძიებებს არ ატარებდა კ2 კოეფიციენტის ზრდის შედეგად მოსაკრებლების მისაღებად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა მინმართულებით, 2011-2019 წლებში დედაქალაქის განაშენიანების პროცესი შეისწავლა. როგორც წამყვანი აუდიტორის ბლოგშია აღნიშნული, 2018 წლამდე, კ2 კოეფიციენტის ზრდის დროს არ ხდებოდა შესაბამისი დასაბუთება გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ. ამასთან, გაზრდილი კოეფიციენტის შესაბამისი ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, დაკავშირებული იყო სპეციალური მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასთან. თუმცა, დედაქალაქის მერია სათანადოდ არ აღრიცხავდა მისაღები მოსაკრებლის თანხებს და ამ თანხების მისაღებად სათანადო ზომებს არ ატარებდა, რის გამოც მიუღებელი თანხა 50 მილიონ ლარამდეა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედაქალაქის მერიას რეკომენდაციას აძლევს, რომ მოსაკრებლის დავალიანების დაზუსტების და ამოღების ღონისძიებები გაატაროს.

ამასთან, როგორც ირკვევა 2011-2018 წლებში ინტენსიურად ხდებოდა რეკრეაციული ზონების ათვისება სამშენებლო მიზნებით. აუდიტის მიერ შესწავლილი საცხოვრებელი ფუნქციის შენობებზე გაცემული ნებართვებიდან საშუალოდ ყოველ მესამეში კ2 გაზრდილი იყო.

„აუდიტის პროცესში ვერ მოხერხდა გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენებული შენობების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგანაც ხშირად იყო შემთხვევები, როცა შენობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და მაინც გამოიყენება საცხოვრებლად. 2019 წლის მდგომარეობით, დედაქალაქში მინიმუმ 650 შენობა არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა გამოიყენებოდა საცხოვრებლად“,-აღნიშნულია წამყვანი აუდიტორის ბლოგში.