საქართველოში პირბადეების წარმოების სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში კომერციული საიდუმლოების მოტივით არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს ქვეყანაში პირბადეების დამზადების სურვილი.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა სამინისტროსგან პირბადეების წარმოების თანხმობა უკვე მიიღეს. ჯანდაცვის უწყების განმარტებით, კომპანიებმა პირბადეების საწარმოებლად აღჭურვის პროცესი უკვე დაიწყეს.
„ჯანდაცვის უწყებიდან მათ აქვთ დავალება მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ წარმოების დაწყება“, - განაცხადეს ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურში.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსი“ დაუკავშირდა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ შორის - „პე-ეს-პე“-ს, „ავერსს“ და „ჯი-პი-სის“, სადაც აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივად პირბადეების წარმოების შესაძლებლობა არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პირბადეების წარმოებას კორონავირუსთან დაკავშირებული ვირუსის გამო, ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო იწყებს.