გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს. ასევე, გათვალისწინებულია განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობა.

„სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან და სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყოფა და საზოგადოების თავშეყრის და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების აქტიური ადგილი გახდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.