„ევროკავშირიდან რეკავენ და გვეუბნებიან: ჩაკეტეთ საზღვრები, მაგრამ მე ვეუბნები, რომ გვიანია"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანა არ დაუკეტავს საზღვარს მიგრანტებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რეკავენ და გვეუბნებიან - ჩაკეტეთ საზღვრები. მე ვეუნები: გვიანია. დასავლეთმა ლტოლვილებზე პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა გაინაწილოს. დღეს ჩვენ ბულგარეთის პრემიერს შევხვდებით, ხვალ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს გავესაუბრები. დღის წესრიგშია სირიის საკითხზე სამიტის ჩატარება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროის ინფორმაციით, თურქეთში 5 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება.