ეს კიდევ უფრო მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვთა სიღარიბეზე, ინფლაცია მძიმედ აწვება ღარიბ მოსახლეობას. საქართველოში 2,5 მილიონი ადამიანი ღარიბია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა და არასწორი ფულადსაკრედიტო პოლიტიკაა.
„გაძვირდა სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები, რომელზეც იხარჯება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის უდიდესი ნაწილი. ზოგიერთი სახის სურსათის ზრდა არის 20-25%. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ადამიანები. სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო მძიმე გავლენას მოახდენს ბავშვთა სიღარიბეზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა და ალბათ, ბავშვთა მსოფლიო ფონდის გამოკვლევით იგივე და შეიძლება უარესი მაჩვენებელიც კი იყოს, რომელიც წელს ზაფხულში გამოქვეყნდება. ერთადერთი გამოსავალი სიღარიბის დაძლევისა, ეს არის დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის სწორი ეკონომიკური, მათ შორის სწორი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, ლარის სიმყარე“, - განაცხადა გოცირიძემ.