გიგი უგულავა: პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა მინიმუმ 15-25 მილიონი დაჯდება

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას სიცრუეში ადანაშაულებს.

როგორც უგულავამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა , ესტაკადის მშენებლობა 2 მილიონი ლარი კი არ დაჯდება, როგორც ამას ნარმანია ამბობს, არამედ 15-25 მილიონი ლარი.

"ცრუობს ბატონი ნარმანია, რომ 2 მილიონი დაჯდება 120-მეტრიანი ესტაკადა. ეს არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ეს არის არაკომპეტენტურობა. ასეთი სიგრძისა და კონსტრუქციის ესტაკადა 2 მილიონი ვერ დაჯდება, მითუმეტეს, ქვემოთ დიდი კოლექტორია. ამ ესტაკადის ფასი მინიმუმ 15-25 მილიონის ლარის ფარგლებში იქნება იმისდა მიხედვით თუ რა გაძლიერებას გამოიწვევს კოლექტორი", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება. მისივე თქმით, თავის დროზე არსებული გათხრების შედეგად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შეიზღუდა და უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი.