"28 იანვრიდან 27 თებერვლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამარტივებული წესით სარესტორნო მომსახურება 4-ჯერ შეისყიდა"

28 იანვრიდან 27 თებერვლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამარტივებული წესით სარესტორნო მომსახურება 4-ჯერ შეისყიდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს. ნადირაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე რეაგირების გეგმაზე მუშაობის ნაცვლად უწყება რესტორნებში ქეიფობს.

„კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე რეაგირების გეგმა მთავრობამ 28 იანვარს დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრს მთვარობის დადგენილებიდან ერთი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ მისი ქვემდებარე უწყება სათანადოდ მომზადებულიყო. ივანე მაჭავარიანმა მხოლოდ 27 თებერვალს გამოსცა მინისტრის ბრძანება სამინისტროს ფარგლებში ოპერატიული გეგმის დამტკიცების შესახებ და მხოლოდ 28 თებერვალს გადაწყვიტა მებაჟეებისთვის დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა გამარტივებული წესით. ამავე ერთთვიან პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამარტივებული შესყიდვის წესით 4-ჯერ შეისყიდა სარესტორნო მომსახურება და შესაბამისად, 4-ჯერ იქეიფა რესტორნებში „ძველი მეტეხი“, „ბერნი“, „ტერასა ასკანელი“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.