ძირითადი ინდექსების მნიშვნელოვანი ზრდით გაიხსნა დღეს დილით ჩინეთის საფონდო ბირჟები. კონტინენტური ჩინეთის მთავარ საფონდო ბირჟებზე შანხაისა და შენჟენში კოტირებების ზრდა უკვე მეორე დღეა ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად კი „შანხაი კომპოზიტის“ ინდექსი 1,21%-ით 3006,88 პუნქტამდე გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა სექტორში.
შენჟენის ბირჟაზე კი „შენჯენ კომპონენტის“ ინდექსის 1,90%-იანი ზრდაა დაფიქსირებული 11597,66 პუნქტამდე.
როგორც ცნობილია, მთელს კონტინენტურ ჩინეთზე გასული კვირის განმავლობაში ბირჟებზე ვარდნა ფიქსირდებოდა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსი იყო.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტური ჩინეთის გარდა, ასევე პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, აქ Hang Seng-ის ინდექსი 127 პუნქტით (0,48%) გაიზარდა 26419 პუნქტამდე.
ანალიტიკოსების განცხადებით, საფონდო ბირჟებზე დადებითი გავლენა იქონია იმ ოპტიმისტურმა გარემომ, რომელიც იქმნება ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 125 ახალი ინფიცირების შესახებ გაცხადდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც იანვარში ჩინეთმა ამის შესახებ პირველი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ასევე პოზიტიური ფაქტორი გახდა ამერიკული საფონდო ბირჟების ძალიან მაღალი ზრდის დინამიკა, სადაც ზრდამ 5% შეადგინა, მაშინ როცა გასულ კვირას Dow Jones-ის ინდექსი სერიოზულ ვარდნაში იყო.