ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების მოწესრიგების მიზნით ინტერნეტგვერდების მონიტორინგი განხორციელდება.
ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულებაშია ნათქვამი.
დადგენილების თანახმად, კომისია განახორციელებს ინტერნეტგვერდების მონიტორინგს საკუთარი ინიციატივით, შერჩევითად ან/და შემოსული განცხადების საფუძველზე.
დებულებით განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, მათ შორის, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები.
„ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას (პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები), თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.
ამ დებულებით არ რეგულირდება ბავშვების მიერ ინტერნეტის ჭარბი მოხმარების, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის (მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი), ბავშვის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხები. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (აპლიკაცია), ასევე ინტერნეტში ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ განთავსებულ აუდიოვიზუალურ პროდუქციაზე, რომელზეც ვიდეო-გაზიარების პლატფორმის მფლობელს არ გააჩნია სარედაქციო პასუხისმგებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის ცნობილი გახდება ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის განთავსების თაობაზე, რომელიც იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, კომისია შესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს,“-აღნიშნულია დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, დადგენილება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.