18 წლამდე არასრულწლოვნებს რიგ ინტერნეტგვერდებზე შესასვლელად ფიზიკური პირის რეგისტრაციის გავლა დასჭირდებათ

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება დაამტკიცა.

დადგენილების თანახმად, კომისია განახორციელებს ინტერნეტგვერდების მონიტორინგს საკუთარი ინიციატივით, შერჩევითად ან/და შემოსული განცხადების საფუძველზე.

დებულებით განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, მათ შორის, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები.

დადგენილების თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი ვალდებულია გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56​2 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების დასადგენად და მიანიჭოს ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება. შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფორმაციაზე:

ა) 18 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის; ბ) 15 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის; გ) 12 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის; დ) 7 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის,“-ვკითხულობთ დებულებაში.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

თაია არდოტელი