კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გამართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კონკურსში სულ ხუთი კომპანია მონაწილეობს. აქედან დედაქალაქში 104.7 მეგაჰერც სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად სამი კომპანია - შპს "კომპანია მედიასტრიმი", შპს "არტ რადიო" და შპს "კაუკასუს ბიზნეს ვიქი-CBW".

დაბა გუდაურში 103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას შპს "რადიო ცენტრი პლუსი" (რადიო პალიტრა), ხოლო 104,7 მგჰ სიხშირეზე დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებას შპს "კომპანია მედიასტრიმი" შეეცდება.

25 სექტემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსანტების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. კონკურსში მონაწილე პირების დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ხარვეზი ხუთივე კომპანიას დაუდგინდა და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ხუთდღიანი ვადა განესაზღვრათ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 24 ოქტომბერს 13.00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების სამაუწყებლო კონცებციების შესახებ კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება და სამივე გეოგრაფიულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შვიდი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა, თუმცა განაცხადი მხოლოდ სამ გეოგრაფიულ ერთეულზე შემოვიდა. ზუგდიდში, ბათუმში, თელავში და ქუთაისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი არც ერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა.