ფინანსთა მინისტრის პარლამენტში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, საპროცედურო კომიტეტს წერილობით მივმართე, არ ვაპირებ ამ თემას ბოლომდე ჩავყვე, ჩემთვის ეს საკითხი ასეთი პრინციპული არაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტი, მთავრობის წევრების მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში, რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას არ ითვალისწინებს.
„რა თქმა უნდა, მივმართე საპროცედურო კომიტეტს, იმიტომ, რომ ჩემი ვალდებულება იყო. მე მანამდეც რეგლამენტს მივყევი და ამ გამოუცხადებლობის შემდეგაც რეგლამენტს მივყვები. თუმცა, ეს რეგლამენტი მთავრობის წევრების მიმართ რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებას არ ითვალისწინებს. აქ არის პოლიტიკური ნების თემა, მე პირადად არ მიმაჩნია, რომ მაჭავარიანი არ გამოცხადდა, იმიტომ რომ მას შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, ეს კონრეტული მისი დამოკიდებულების თემაა იმ კონკრეტული ადამიანებს მიმართ, რომლებმაც ის დაიბარეს. ეს არის შენი შინაგანი განსჯის საგანი, როგორ დარღვევად ჩათვლი და რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებ. ჩემი აზრით, ეს გუნდისთვის არ არის ის საფუძველი, რომ რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყო საუბარი. ადრეც ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, მემგონი სწორად არ მოიქცა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს ნებისმიერი მიზეზი იმპიჩმენტის საბაბად მიაჩნიათ.
„ემოციური ფაქტორი იყო, თუმცა ემოციური ფაქტორი არ უნდა დადგეს რეგლამენტზე მაღლა. ასეთი ადამიანია. მგონი ცუდი მინისტრი არაა, ის ერთ-ერთი კარგი მინისტრი მგონია,“ - განაცხადა კაკულიამ.