მაპ-ის მიღებიდან ნატო-ში გაწევრიანების პროცესში რუსეთისგან საფრთხეები გაიზრდება. ამ პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემო საუკეთესო არ იქნება, საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს ინვესტიციების კლებას, რომელიც რისკების გაზრდასთან იქნება დაკავშირებული, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.
მისი თქმით, თუ საზოგადოება ამას არ გაიგებს, „ე.ი. კონსენსუსი ჩვენს ორიენტაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.
„ხვალ რომ გამოცხადდეს მაპი, იცით, რომ მაგას გარკვეული დრო სჭირდება, ნატო-ში გაწევრიანების წინა პერიოდი საუკეთესო საინვესტიციო პერიოდი იქნება საქართველოსთვის? მე იმას კი არ გეუბნებით, ამის გამო მაპ-ი არ მივიღოთ-თქო. თუ მივდივართ ამისკენ და ღმერთმა ქნას, მივიღებთ ამ მაპ-ს, იმ პერიოდში საზოგადოებამ უნდა ავიღოთ მოთმინებაც, რომელიც ამ პერიოდთან საინვესტიციო კუთხით იქნება დაკავშირებული.
მაგალითად, ხვალ ჩვენ მოგვცეს მაპ-ი, გვყავს რუსეთი ხომ? მაპ-ი 1 კვირაში რომ გადაწყდება ისეთი თემა არაა, გარკვეული პერიოდი სჭირდება. ყველაზე დაძაბული პერიოდი იქნება ეს. იმ ყველაზე დაძაბულ პერიოდში როგორ ფიქრობთ, ჩვენი გარემო ყველაზე კარგი საინვესტიციო გარემო იქნება? ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ამის გამო მაპ-ზე უარი უნდა ვთქვათ-თქო, მაგრამ მაპ-ის მიღების პერიოდში ამ საფრთხეების გამო ინვესტიციები თუ იმ დონის არ იქნება, როგორც სხვა დროს და საზოგადოება თუ ამას არ გაგიგებს, ე.ი. კონსენსუსი ჩვენს ორიენტაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მაპ-ის გაწევრიანების პროცესში რუსეთისგან საფრთხეები გაიზრდება. იმ მომენტში დაგელოდებიან, როგორ დასრულდება ეს პროცესი და მერე გააკეთებენ ინვესტიციას.
მაპ-ის განხორციელების პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემო საუკეთესო გარემო არ იქნება. იმ მომენტში, საზოგადოების არჩევანი თუა ეს, მაშინ საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს ინვესტიციების კლებას, რომელიც რისკების გაზრდასთან იქნება დაკავშირებული და მაშინ იქნება ეს საერთო ეროვნული არჩევანი“,- განაცხადა კაკულიამ.