გია ჟორჟოლიანის მიერ ინიცირებული კანონპროქტის მიხედვით, ომის ვეტერანები სასამართლოსთვის ნებისმიერი ტიპის სარჩელით მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალ - დემოკრატიული პარტია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 2 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების კანონპროექტი განიხილა.
სოციალ–დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ომის ვეტერანების მიმართ მორალური მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულება იქნება.
„საკუთარი უფლებების დაცვისთვის სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მათთვის ბარიერი არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.