შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, ჩინეთის ორ მოქალაქეს 100 მილიონზე მეტი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. დანაშაული ჩრდილოეთ კორეის ინტერესებს შეეხება და თაღლითებმა ფულის გათეთრებისთვის, ციფრული ვალუტები გამოიყენეს.
აღნიშნული საქმე არის ნაწილი იმ დიდი საქმისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ მაქინაციებს იძიებს. მათი მეშვეობით, ეს ქვეყანა, მის მიმართ გამოყენებული სანქციების შედეგების შერბილებას ცდილობს.
ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი ბრალის შესაბამისად, ორმა ჩინელმა იმ ფულის გათეთრების ოპერაციები განახორციელა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა, ციფრული ვალუტების ბაზრებზე უკანონო შეღწევის გზით, 2017-2019 წლებში მოიპარეს. ჩინელთა როლი მოპარული ფულის პოლიციისგან დამალვა და გათეთრება იყო.
იუსტიციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა და ამოიღო 2018 წელს, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მიერ, ციფრული ვალუტების ბაზარზე მოპარული 250 მილიონი დოლარი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვირტუალურ სამყაროში მოპარული ფული, ასეულობით ანგარიშზე ავტომატურად იგზავნებოდა. ამ ოპერაციების მიზანი, სამართალდამცავებისთვის კვალის მიგნებაში ხელის შეშლაა.
მოპარული თანხის ნაწილს, ჩრდილოეთ კორეა ჰაკერებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას ახმარს, საიდანაც შემდგომში კიბერ თავდასხმები ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი შეტევა 2019 წლის ნოემბერში, სამხრეთ კორეულ გაცვლით პლატფორმაზე განხორციელდა, საიდანაც ჰაკერებმა 48 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტა მოიპარეს.