ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ბიზნესის განწყობის ინდექსის“ თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს გაუტოლდა.
ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. აღნიშნულ ინდუსტრიებში ბიზნესის განწყობის გაუმჯობესება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის შედარებით პოზიტიურმა შეფასებამ, ისე გაუმჯობესებულმა მოლოდინებმა.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების სექტორი არის ერთადერთი, სადაც ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირებულია. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის პირველ კვარტალში 2.4 პუნქტით გაიზარდა, რაც დიდწილად მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორების დამსახურებაა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 31.3-დან 42.7 პუნქტამდე გაიზარდა. ბიზნესის ოპტიმიზმი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში გაიზარდა, შემცირება კი მხოლოდ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.
ამასთან, 2019 წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი, რომელმაც ბოლო სამი წლის მაქსიმუმს (18.6) მიაღწია.
„თუ ინდექსებს საწარმოთა ზომის მიხედვით ჩავშლით, შევნიშნავთ, რომ ბიზნეს განწყობის, მიმდინარე მდგომარეობისა და ბიზნესის მოლოდინების ინდექსები გაუმჯობესდა როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. რაც შეეხება გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსს, ის გაიზარდა დიდი კომპანიებისთვის, ხოლო შემცირდა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
ბიზნეს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმები, კვლავ მოთხოვნის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ.
მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია მცირე და საშუალო ზომის ფირმებისთვის. დიდი ზომის კომპანიები დამატებით გამოწვევად სამუშაო ძალის სიმცირესაც ასახელებენ,“-ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.