„ჩვენ უკეთ უნდა გამოვიყენოთ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბაზარი და გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი"

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო - სამრეწველო პალატიდან აცნობეს, გიორგი პერტაია ემირატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, უცხოელ პარტნიორებს და ბიზნეს სექტორს შეხვდა.

გიორგი პერტაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებული საემიროს ბაზრის უკეთ გემოყენება. პალატის პრეზიდენტი მოუწოდებს ქართულ ბიზნეს სექტორს, რომელიც პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს, განიხილონ საემიროების ბაზარი და შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში პალატა დაეხმარება.

„მინდა ვუთხრა ექსპორტიორებს, რომელთაც ძალიან ბევრი პროდუქცია გააქვთ საზღვარგარეთ, განიხილონ საემიროების ბაზარი და დაგვიკავშირდნენ ჩვენ, სავაჭრო პალატას, რათა დავეხმაროთ მათი საქმიანობის შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში.

ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ საემიროების ბაზარი და განვავითაროთ რაც შეიძლება მეტი ექსპორტი. ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საელჩო. დღეს, უკვე გვყავს ელჩი, დიდი დიპლომატიური გამოცდილებით და მთლიანად ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მართალია, აქამდეც გვქონდა შეხება დუბაისთან, არაბ ბიზნესმენებთან, თუმცა ახლა სულ სხვა, ახალ ეტაპზე გადავალთ“, - აცხადებს გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღმავება, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების ჩატარება და პირდაპირი კონტაქტების დამყარებაა.

ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰუმაიდ ბენ სალემმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.