დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, ზედა და ქვედა ფონიჭალას შორის ავტომობილით გადაადგილებისთვის 5 - კილომეტრიანი გზა, 100 მეტრამდე შემცირდა.
„გასულ წელს კრწანისის რაიონში დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ესაა ზედა და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბი და საავტომობილო გზა. ამ პროექტის განხორციელებამდე, დაახლობით 5 - კილომეტრიანი გზის გავლა უწევდათ ადამიანებს გადაადგილებისთვის.
იცით, რომ ზედა და ქვედა ფონიჭალას რკინიგზა ყოფს, შესაბამისად პროექტით, რომელიც განვახორციელეთ რკინიგზის ქვეშ გავიყვანეთ გვირაბი და დაახლოებით 100 მეტრია საჭირო ახლა ზედა და ქვედა ფონიჭალას შორის გადაადგილებისთვის. ეს იქ მცხოვრებ ადამიანებს დროს და ხარჯებს დაუზოგავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.