გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში გზის გამაგრების სამუშაოები იწყება

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში დედაქალაქის მერია გზის გამაგრების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეშელიძის ქუჩის ზემოთ განთავსებულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ.

„დედაქალაქში, სამწუხაროდ, გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული ქუჩაა, შეშელიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მეწყერსაშიში ზონის ზემოთ განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი და 24 საათის განმავლობაში ვაკვირდებით პროცესებს. იქ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა, ქვემოთ შეშელიძის ქუჩაზე, ალბათ, თუ დაკვირვებიხართ, ტორტუარი აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, საფრთხე თავიდან ავიცილოთ. დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებაზე. მთლიანად მოწესრიგდება და გამაგრდება ეს მონაკვეთი, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას ამ კონკრეტული ადგილიდან", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მათ მიერ გამოცხადებული ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. უკვე დასრულებულია პროექტირების ეტაპი და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდის ჩამოშლა ხდება, რაც საშიშროებას უქმნის, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, შეშელიძის ქუჩას.

მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყოს, რომელიც დამეწყრილი ფერდობის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ გახორციელებს.