უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა

ციფრულ სამყაროში ტრადიციული საგადახდო ინსტრუმენტები და მიდგომები უკანა პლანზე იწევს, პარალელურად კი დისტანციური საბანკო მომსახურებები ვითარდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები სრულიად ელექტრონულად განახორციელონ.

საქართველოში საგადახდო ბარათების ბაზრის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან გადაიდგა. პირველად კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს ლოკალური ბარათების გამოშვება, ხოლო 1998 წელს დღის შუქზე Visa-ს პირველი საერთაშორისო, ხოლო 1999 წელს - Mastercard-ის ბარათები გამოვიდა.

დღეისათვის საქართველოში მოქმედი შვიდი კომერციული ბანკი საერთაშორისო საგადახდო სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას ფლობს და წარმატებით ემსახურება სავაჭრო და მომსახურების, მათ შორის სახელმწიფო, სფეროებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ამ ეტაპზე საქართველოში მიმოქცევაში 6,065,074 სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია. ამ ბარათებით ყოველდღიურად მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, განხორციელებული ოპერაციების მოცულობა კი საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში Mastercard/Maestro-ს სადებეტო ბარათების რაოდენობა 4,067,234-ს, Visa-ს ბარათები კი 1,668,009 შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 329,831-ია. სადებეტო ბარათების წილი გადახდის სისტემების მიხედვით, Mastercard/Maestro-ს ბაზრის 63% უკავია.

Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი აღნიშნავს, რომ მოხარულია უნაღდო ანგარიშსწორების რაოდენობის ზრდით საქართველოში. “ის, რომ დღეს საქართველო, ციფრულ გადახდებში, უკვე მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. Mastercard მუდმივად ცდილობს შემოიტანოს ინოვაციური ციფრული პროდუქტები და მომხმარებლებისთვის უნაღდო ანგარიშსწორება მეტად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს” - ამბობს სტეპანოვი.

სტატიაში გამოყენებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

(R)