ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.
მისი თქმით, მოქალაქეებმა აღნიშნულის შესახებ სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.
„კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იზოლაციაში იგულისხმება როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსებას ამ პირების. ვინაიდან მათ შორის ბევრი დასაქმებული ადამიანია, ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები შრომის უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას, რის საფუძველზეც მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური და დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ადამიანები დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო ფურცელს, ამიტომ მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა მექანიზმი, რომ ისინი ელექტრონულად განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ, რომ სამინისტროსგან ცნობა მიიღონ, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სამსახურისგან გადამოწმდება“, განაცხადა ადამიამ.
მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში არის დაახლოებით 97 ადამიანი და თვითიზოლაციაში - 92. თუმცა, როგორც ადამია განმარტავს, ეს რიცხვი ცვალებადია.