ჯანმო-ს მიერ დანიშნული პენსია და ქველმოქმედებაზე დახარჯული 20 000 ლარი - რა ქონებას ფლობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ერთ წელში ხელფასის სახით 58 927 ლარი მიიღო. ქველმოქმედებაზე კი 20 000 ლარი დახარჯა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელძის სახელზეა მხოლოდ ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ამირან გამყრელიძის მეუღლეს, 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50%. საუბარია, თბილისში მდებარე 20, 350 კვ.მ ბინაზე. ასევე, მის საკუთრებაშია 1989 წელს შეძენილი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულებაც დეკლარაციაში არ არის მითითებული. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1974 წელს ჩუქების ხელშეკულებით გადაცემულ, 102, 75 კვ.მ ბინას თბილისში და 1990 წელს 15000 მანეთად შეძენილ, 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე - 2119,96 ლარს;

,,თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე - 15000 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 13 156,49 ლარს და 3 024,99 აშშ დოლარს;

,,საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 15 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 6 449,45 ლარს, მიმდინარეზე - 6 449,75 აშშ დოლარს;

"პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე - 2 371,34 ლარს.

ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის სახით - 12 000 ლარს.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩეველის პოსტზე, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს - 28800 ლარი.

ამავე პერიოდში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის სტატუსით - 51 030 ლარი;

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პენსია - 8 447 აშშ დოლარი;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გენერალური დირექტორის პოსტზე - 58 927 ლარი.

ამავე დოკუმენტის მთანახმად, ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებაში 20 000 ლარი დახარჯა.

ნინი ქეთელაური