დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წინ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ულამაზესი, კეთილმოწყობილი სივრცე შეიქმნება.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა „მწვანე კედელთან“ დაკავშირებით რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც ტერიტორია შემოიღობა, კალაძემ ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა, პროექტი არსებობს. სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულებული, კეთილმოწყობილი, მოწესრიგებული იქნება ის ტერიტორია, რომელიც შემოღობილია. როცა სამუშაოები დასრულდება, ადგილზე იქნება ულამაზესი, კეთილმოწყობილი სივრცე, გამწვანებული, ახალი შადრევნებით, ყველანაირად კეთილმოწყობილი“.