ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები გამკაცრებულია ასევე რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი-სარკინიგზო“ არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე. მისი თქმით, მგზავრთა კონტროლის პროცესში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები კოორდინირებულად გატარდება შესაბამის უწყებებთან ერთად.
,,შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებენ კონტროლის პროცედურებს. რისკის ჯგუფიდან ჩამოსულ მგზავრებს უტარდებათ ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც როგორც ცნობილია, გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვასა და სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას“,- განაცხადა ელგუჯა ბერანძემ.
კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ყველა ობიექტზე არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას.