უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მუზეუმების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეკომენდაციები ღია სივრცეში განთავსებულ უფლისციხის მუზეუმს არ შეეხება.
„ჩვენი მუზეუმი კვლავ აგრძელებს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას. უფლისციხის ანტიკური ქალაქი 9 ჰა ღია ფართობზე მდებარეობს, მთლიანობაში, მუზეუმის დაცვითი ზონა 200 ჰა-ს მოიცავს და ესეც ღია სივრცეა, შესაბამისად, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკი ნაკლებია. რაც შეეხება იმ ადგილებს, რომელთანაც ვიზიტორებს ხელით შეხება უწევთ - ეს იქნება სალარო და მისი მიმდებარე ტერიტორია თუ დასასვენებელი ადგილი, უზრუნველყოფილი ვართ სადეზინფექციო საშუალებებით და ინტენსიურად ხდება ამ ადგილების სანიტარული დამუშავება“, - განაცხადა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ანტიკური პერიოდის ციხე-ქალაქი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ვიზიტორს მასპინძლობს. გასული წლის სტატისტიკით, უფლისციხე 350 000-მა ტურისტმა დაათვალიერა.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა.