საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია ეკონომიკის მინისტრს მიმართავს

საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თხოვნით მიმართავს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, სასტუმროებისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის, ასევე საპენსიო შენატანის გადავადება მოხდეს.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრისადმი მომზადებულ მიმართვაშია აღნიშნული, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან ენერგო კომპანიებთან და ასევე ბანკებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.

„ჩვენი მიზანია ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, რათა მივიღოთ თუნდაც ერთი ტურისტი და თანმიმდევრულად, მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ – მეტი და მეტი სტუმარი. ეს მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ და არ ჩამოგვეშალოს ტურისტული სექტორი, გთხოვთ, სახელმწიფო დახმარებას კონკრეტულ საკითხებში. კერძოდ: საქართველოს მთავრობამ მიიღოს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, ტურიზმის სექტორში დაუძლეველი გარემოებიდან გამომდინარე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების, კომპანიების და სასტუმროების მხარდაჭერის მიზნით; მხარდაჭერას ვითხოვთ სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილების შესახებ. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი; ასევე, ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან, რომლებსაც უნდა გადავუხადოთ კომუნალური გადასახადები, მათი გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და შემდგომ თვეებში გადანაწილების შესახებ; აგრეთვე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა საბანკო სექტორთან. კერძოდ, სახელმწიფოს შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, აღებული საბანკო ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, სასტუმროებს მარტსა და აპრილში ჯავშნების 90% გაუუქმდათ.