შემოსავლების სამსახური - რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები გამკაცრებულია რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი-სარკინიგზო“ არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერნაძე.

მისი თქმით,მგზავრთა კონტროლის პროცესში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები კოორდინირებულად გატარდება შესაბამის უწყებებთან ერთად.

,,შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებენ კონტროლის პროცედურებს. რისკის ჯგუფიდან ჩამოსულ მგზავრებს უტარდებათ ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც როგორც ცნობილია, გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვასა და სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას“,- განაცხადა ელგუჯა ბერანძემ.

უწყების ინფორმაციით, კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ყველა ობიექტზე არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას.