სპეციალური კომისიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე მუშაობენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, თვითმმართველობებში შექმნილია სპეციალური კომისიები , რომლებიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ელგუჯა ხოკრიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, სანამ წყალი კალაპოტში არ დაბრუნდება, სრული ზარალის დათვლა ნაადრევია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ნალექის რაოდენობა შემცირდა.

,,ჩვენი მონაცემებით, ზემო აჭარაში რამდენიმე მეწყერული მოვლენა განვითარდა. ადგილზე არიან ჩვენი გეოლოგები და ათვალიერებენ იმ ადგილებს. შესაბამისად, მოსახლეობა მაქსიმალურად გაფრთხილებულია რა ზომები უნდა მიიღონ", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ზარალი საბოლოოდ დაითვლება, რეგიონული განვითარების სამინისტრო საბოლოო მონაცემებს წარუდგენს მთავრობას და ამის შემდეგ მოხდება კომპენსაციების გაცემა.