დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს მოუწოდებს, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო,ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
„განათლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური. უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, რომ სადაც არის ტექნიკური საშუალება, გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან მისივე განმარტებით, ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც ინტენსიური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობს. მან რეკომენდაციის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელების ხშირი დაბანვის და ოთახების განიავების აუცილებლობაზე. მისი თქმით, სასურველია მოქალაქეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.
ამასთან, იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის მაღალი შემთხვევებია გამოვლენილი.