2019 წლის მე-4 კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები მე-3 კვარტალთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2019 წლის მე-4 კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვ. მეტრზე 861-989 აშშ დოლარს შორის მერყეობდა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით მთაწმინდა კვლავ დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად რჩება; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გლდანშია. კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 1 170 აშშ დოლარი ანუ 3 447 ლარი; ხოლო გლდანში - 579 აშშ დოლარი ანუ 1 705 ლარი იყო.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 937 დოლარი (2 760 ლარი); ნაძალადევში - 739 დოლარი (2 176 ლარი); დიდუბეში - 829 დოლარი (2 441 ლარი); ვაკეში - 1 025 დოლარი (3 019 ლარი); ჩუღურეთში - 834 დოლარი (2 458 ლარი); ისანში - 743 დოლარი (2 187 ლარი); კრწანისში - 928 დოლარი (2 733 ლარი); ხოლო სამგორში - 619 დოლარი (1 825 ლარი) იყო.