მედიაჰოლდინგმა ViacomCBS-მა მიიღო გადაწყვეტილება, გაყიდოს საგამომცემლო სახლი Simon&Schuster-ი 1,2 მლრდ დოლარად. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც მოხდა CBS და Viacom-ის შერწყმა. ჰოლდინგის ხელმძღვანელები ბჭობდნენ, რა იქნებოდა უკეთესი - გაეყიდათ საუკუნოვანი გამომცემლობა, თუ გამოეყენებინათ აქ გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოებები საკუთარი ვიდეოპროდუქციის ღირებულების გასაზრდელად. საბოლოოდ შეთანხმდნენ პირველ ვარიანტზე.
„Simon&Schuster არ არის ჩვენი საკვანძო აქტივი“ - განაცხადა ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბობ ბეკეშმა ტელეკონფერენციის მსვლელობისას, რომელსაც ის პოტენციურ ინვესტორებთან მართავდა. მან დააზუსტა, რომ მიიღო უამრავი სატელეფონო ზარი იმ პირებისგან, ვისაც გამომცემლობის შეძენა სურდა, თუმცა არ გაამხილა თანხის შესახებ ინფორმაცია. გაზეთის ცნობით Simon&Schuster-ის შესაძენად ინტერესი წესით ძალიან მაღალი უნდა იყოს, ვინაიდან ასეთი მსხვილი და სოლიდური გამომცემლობები იშვიათად გამოაქვთ გასაყიდად.
შეგახსენებთ, CBS და Viacom გასული წლის აგვისტოში შეთანხმდნენ გაერთიანებაზე. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან CBS-ის კუთვნილი ყველა არხი, მათ შორის MTV, Nickelodeon, Comedy Central, Showtime. გაერთიანებული კომპანიის კონტროლის ქვეშ მოექცა ასევე კინოკომპანია Paramount. Viacom და CBS აქამდეც იყვნენ ერთი კომპანია, თუმცა 2005 წლის რეორგანიზაციის შედეგად Viacom-მა დაკარგა კონტროლი CBS-ზე.