საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კორონავირუსის გამო, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, თუ ქვეყანას უნდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინოს, მაშინ ფრენები საერთოდ უნდა აიკრძალოს.
„არ დაგიმალავთ, რომ განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი და ჩვენ ასევე ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.