საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ცვლილებების პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონში შეიცვლება მაღალმთიანი დასახლების და ასეთ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, 25,000-ზე მეტ ადამიანს კი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა.
მათივე ცნობით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს, ასევე - თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას და ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს.
„ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250,000-მდე მოქალაქე.
უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
2016 წლიდან დღემდე, კანონით დაწესებული სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში, ახალშობილისთვის დახმარების სახით გაიცა თითქმის 27 მილიონი ლარი; 97 მილიონი ლარამდე ოდენობის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე მიიღეს პენსიონერებმა; გაიცა სოციალური პაკეტის დანამატი 12.1 მილიონი ლარის ოდენობით; 14 მილიონზე ლარზე მეტი გაიცა სამედიცინო პერსონალზე; 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა 24.1 მილიონი ლარის შეღავათით ელექტროენერგიაზე; 48.3 მილიონი ლარის გაიცა მასწავლებლებისთვის და 687 000 ლარი მწვრთნელებისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს უკვე 401 საწარმო.
კანონის ამოქმედებიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან სხვადასხვა ინფრასტრუქურულ პროექტებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი შეღავათებს 309,964,789 ლარი მოხმარდა.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.