ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სასტუმროებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხვალ იგეგმება.
ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, ეკონომიკის სამინისტრომ და მე პირადად, უახლოეს პერიოდში შევხდეთ ტურიზმის ინდუსტრიას, მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც წამოიქმნა გლობალური გამოწვევის, კორონავირუსი გამო. დიდი ალბათობით ხვალ ამ შეხვედრის ორგანიზებას მოვახდენთ. აუცილებლად შევხდებით სასტუმროების და არა მხოლოდ მათ, არამედ ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამოცანა არის, რომ მოვისმინოთ რა პრობლემის წინაშე დგას ინდუსტრია, რომელიც ასოცირებულია კორონავირუსთან, როგორც ახალ გამოწვევასთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, უწყებამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, იმისთვის, რომ ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად იყოს დაცული, დივერსიფიცირებული და გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს.
„თუმცა, ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და მთავარი ამოცანა რაც ჩვენ წინაშე დგას ამ ეტაპზე, ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ რა პრობლემები უდგას სექტორს და გავაკეთოთ მეტ-ნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი იმისა, თუ რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. რასაკვირველია, ბევრი რამეა დამოკიდებული ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას“ - განაცხადა ნათია თურნავამ.