ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხზე კლინიკასა და „ავერსის“ კომუნიკაციაში პირადადაა ჩართული და მედიატორის როლს ასრულებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ შენობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ადრე წამოწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კომუნიკაცია უკვე ორი თვეა. ჯანდაცვის სამინისტრო არის პირადად ჩართული ამ კომუნიკაციაში. ასევე, ჩვენ როგორც მედიატორი ისე ვშუამდგომლობთ ინფექციურ საავადმყოფოსა და „ავერსის“ კლინიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ინფექციური საავადმყოფო ერთ წელიწადში ახალ შენობაში განაგრძობს მუშაობას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლუბლიანას ქუჩაზე სამედიცინო ინოვაციების ცენტრის უკვე აშენებული შენობის ყიდვისა და მასში ინფექციური საავადმყოფოს განთავსების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მას პირადად გააცნო და წლის ბოლოს ამ შენობაში ინფექციური საავადმყოფოს განთავსებას დაპირდა.