„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
„2019 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.2 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.6 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება“,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ამასთან, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი - კაცი.