საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უჩა ძოძუაშვილი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს „დელტას“ უკვე ყოფილი დირექტორი.
როგორც მის მიერ, 2019 წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, უჩა ძოძაშვილის საკუთრებაშია მხოლოდ 2017 წელს შეძენილი 2500 კვ.მ მიწის ფართობი წავკისში, რაშიც 7000 აშშ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ქონებას. მისი მეუღლის სახელზეა 2016 წელს შეძენილი, 138 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 124 000 აშშ დოლარია. ასევე, მსუბუქი ავტომობილი TOYOTA RAV4 2006, რომელიც 2017 წელს 6800 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უჩა ძოძუაშვილს, „დელტას“ გენერალური დირექტორის პოსტზე, ერთი წლის განმავლობაში, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული აქვს 32 138 ლარი, „დელტა ინთერნეიშენალში“ სახელმწიფო წარმომადგენლის სტატუსით კი - 56 000 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში უჩა ძოძუაშვილი ფლობდა:
„თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 579 ლარს, მიმდინარეზე - 4 999,67 ლარს, ანაბარზე - 11 013,61 ლარს და 2 199,2 აშშ დოლარს.
„საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 25,15 აშშ დოლარს, ხოლო სახელფასოზე - 10 265,94 ლარს.